23 ოქტ 2020

ფაგოთერაპიის „სამშობლო“ – ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც იკვლევს ბაქტერიოფაგებს

სხვადასხვა ბაქტერიასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი აგენტების – ანტიბიოტიკების აღმოჩენამ შეცვალა მეოცე საუკუნის მედიცინა. ამასთან, ბოლო პერიოდში მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება ე.წ. რეზისტენტული ბაქტერიების შესახებ, რომლებზეც ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ სათანადო ეფექტით ზემოქმედება. ხშირად განიხილება ანტიბიოტიკების ზედმეტად და უკონტროლოდ გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ვითარებაში, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ცოტა ხნის წინ მიიპყრო მკურნალობამ, რომელიც იყენებს ბაქტერიოფაგებს – ბუნებრივ ვირუსებს, რომლებიც “ჭამენ” ბაქტერიებს.

ანტიბიოტიკების გავრცელებამდე ბაქტერიოფაგები ითვლებოდა ბაქტერიული ინფექციების საიმედო და ეფექტურ სამკურნალო საშუალებად. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სტალინგრადისთვის ბრძოლის დროს, ფართოდ გავრცელდა ქოლერა; საბჭოთა არმიამ თავის ჯარისკაცებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ურიგებდა ბაქტერიოფაგურ პრეპარატებს და ამით მოახერხა ეპიდემიის გავრცელების შეჩერება. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა საბჭოთა არმიის გამარჯვებაში ამ ბრძოლის დროს.

ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რაც ბერძნულად ნიშნავს “ბაქტერიების მჭამელს”. სიტყვა “ვირუსმა” შეიძლება ზოგიერთი მკითხველი დააფრთხოს, თუმცა ბაქტერიოფაგები მხოლოდ ბაქტერიების ვირუსებია; ისინი ყველანაირ გარემოში ცხოვრობენ: ცხოვრობენ როგორც წყალში, ასევე ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში.  ბაქტერიოფაგის ზომა დაახლოებით რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ნანომეტრამდეა. ისინი ამოიცნობენ შესაბამის ბაქტერიებს და ასნებოვნებენ მათ. ამ დროს ხდება ფაგის დნმ-ის შესვლა ბაქტერიაში.

ბაქტერიაში, რომელშიც მოხვდა ფაგის დნმ, იწყება ახალი ფაგური ნაწილაკების წარმოქმნა. ამის შემდეგ, გარკვეული ფაგური ცილებით ხდება ბაქტერიების   განადგურება და ახალი, დიდი რაოდენობით ფაგების გამოსვლა დაშლილი უჯრედებიდან. ეს ახალი ბაქტერიოფაგები, თავის მხრივ, პოულობენ შემდეგ სამიზნეებს, ანუ ახალ ბაქტერიებს. ბაქტერიოფაგების ეს აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოში ბაქტერიების რაოდენობისა და ტიპების მოწესრიგებაში.

ბაქტერიოფაგების საშუალებით ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის გარკვეულ მექას წარმოადგენს გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ამ ინსტიტუტის ისტორია გრძელი და დიდებულია. მოკლედ მას ელიავას ინსტიტუტსაც უწოდებენ.

იგი დაარსა თბილისში, 1923 წელს, ქართველმა ექიმმა, გიორგი ელიავამ, ფრანგი მკვლევარის ფელიქს დერელის მხარდაჭერით, რომელიც ბაქტერიოფაგების აღმოჩენისა და შესწავლის პიონერი იყო. ინსტიტუტი გახდა სსრკ-ში ბაქტერიოფაგების კვლევის, განვითარებისა და წარმოების ცენტრი. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, იგი დამოუკიდებელი საქართველოს ინსტიტუტად იქცა და ამჟამად, კვლავ აქტიურ სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

ბაქტერიოფაგების შესწავლის შესახებ კითხვებით მივმართეთ ინსტიტუტის დირექტორს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ მზია ქუთათელაძეს. მისი თქმით, ამჟამად ინსტიტუტში 60-მდე მკვლევარია. ინსტიტუტი არის სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, თუმცა მასთან ასოცირებულია ასევე ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი, სადაც პრაქტიკულ თერაპიაში 20-მდე ექიმი მონაწილეობს.

დოქტორი ხაზს უსვამს ფაგოთერაპიის უსაფრთხოებას. ”ფაგოთერაპია უსაფრთხოა და ძირითადად არ იწვევს გვერდით მოვლენებს.” ფაგოთერაპიის უსაფრთხოების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბაქტერიოფაგები გავრცელებულია ყველანაირ გარემოში და ადამიანი, სიცოცხლის პირველივე დღიდან სხვადასხვა  ბაქტერიოფაგთან ერთად ცხოვრობს. ფაგოთერაპიის უპირატესობა უსაფრთხოების თვალსაზრისით ზუსტად მდგომარეობს თითოეული ტიპის ბაქტერიოფაგის ფუნქციების მაღალ სპეციფიურობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაქტერიების გარკვეულ ტიპზე მოქმედებს ცალკეული ტიპის, სპეციფიური ბაქტერიოფაგი. სწორედ ამიტომ, ”ბაქტერიოფაგების ცალკეული სახეობა მიზანმიმართულად ირჩევს ბაქტერიების კონკრეტულ სახეობას და ანადგურებს მას” (ეს სიტყვები „ყველაფერი ფაგოთერაპიის შესახებ“ ვიდეომიმართვიდან არის – რედაქტორის შენიშვნა). ეს ნიშნავს იმას, რომ ფაგოთერაპია არ ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიას, რომელიც ინარჩუნებს ორგანიზმის წონასწორობას, არამედ მოქმედებს მხოლოდ იმ გარკვეულ ბაქტერიაზე, რომელსაც ექიმი ირჩევს სამიზნედ.

სწორედ ამიტომ, დაავადების სიმპტომებიდან და ინდივიდუალური პაციენტის ჯანმრთელობის სტატუსიდან გამომდინარე, შესაძ₾ებელია სხვადასხვა ბაქტერიოფაგებისგან შემდგარი ერთგვარი კოქტეილების დამზადება ინდივიდუალური მოხმარებისთვის და მათი გამოყენებით ეფექტური მკურნალობა. ამას ხელს უწყობს დაახლოებით 1000-ზე მეტი სახეობის ბაქტერიოფაგის კოლექცია, რომელიც ინსტიტუტმა შექმნა 1930-იანი წლებიდან. ამ გზით შეუძლია ინსტიტუტს ინდივიდუალურად შეადგინოს მსოფლიოში ყველაზე იშვიათი, ღირებული ბაქტერიოფაგების სპეციფიური “კოქტეილები”. მ.ქუთათელაძის თქმით, ინფექციაში ხშირად მონაწილეობს რამდენიმე ტიპის ბაქტერია. პრობლემის გამომწვევი ბაქტერიების განსაზღვრა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკურნალობაში. შეიძლება ითქვას, რომ ელიავას ინსტიტუტის სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ინსტიტუტი ახორციელებს ინფექციების გამომწვევების ზუსტ ანალიზს  შესაბამისი ტიპის ბაქტერიოფაგების შესარჩევად.

ელიავას ინსტიტუტის შესახებ რომ შეიტყვეს, მრავალი სერიოზული დაავადების მქონე პაციენტი ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის ამ ქართულ ინსტიტუტში. ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურად გაიზარდა. მზია ქუთათელაძის თქმით, წელს კორონავირუსის გავრცელების გამო, შედარებით ნაკლები პაციენტია სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მანამდე, თვეში 35-40– მდე უცხოელი პაციენტი მოდიოდა და გადიოდა მკურნალობის კურსს ფაგოთერაპიის ცენტრში (უცხოელი პაციენტების გარდა, აქ ბევრი ადგილობრივი პაციენტიც მკურნალობს).

გარდა ამისა, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი ახორციელებს ერთგვარ დისტანციურ მკურნალობას: პაციენტები საზღვარგარეთიდან აგზავნიან კლინიკურ  ნიმუშებს, ელიავას დიაგონოსტიკური ცენტრი ურჩევს შესაბამის ფაგურ პრეპარატებს, რის შემდეგაც პაციენტებს ეგზავნებათ ფაგებით მკურნალობის შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაცია და ასევე, ფაგური პრეპარატები, ყველა საჭირო დოკუმენტაციის თანხლებით. ამასთან, ექიმის თქმით, მაინც უკეთესია, რომ პაციენტებმა გაიარონ მკურნალობის კურსი ცენტრის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმის თქმით, ცენტრში ჩატარებული ფაგოთერაპია “ძალიან კარგ შედეგებს” იძლევა.

განვიხილოთ კონკრეტულად მკურნალობის პროცესი. პაციენტები ბაქტერიოფაგურ პრეპარატებს ღებულობენ სხვადასხვა გზით, ინფექციის კერის შესაბამისად, მათ შორის პრეპარატებს ღებულობენ დალევით. ფაგების სწრაფად შედიან სისხლში ნაწლავის ლორწოვანი გარსის მეშვეობით. 2, 3 საათის შემდეგ, აღინიშნება ექსპოზიციის პირველი ნიშნები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ პაციენტზე, მათ სიმპტომებსა და ინფექციის ტიპებზე. მაგრამ, როგორც წესი, მკურნალობა, საშუალოდ გრძელდება დაახლოებით 10-14 დღე. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ხდება კურსის განმეორება.

ინფექციის მრავალი სიმპტომი არსებობს, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია ფაგოთერაპიით. მზია ქუთათელაძის აზრით, დადებითი ეფექტი შეიძლება მივიღოთ საჭმლის მომნელებელ ორგანოების, შარდ-სასქესო ორგანოების, გინეკოლოგიური და სხვა სასიცოცხლო სისტემების ინფექციების სამკურნალოდ.
ბოლო დროს მსოფლიოში მეცნიერები ხშირად ამბობენ, რომ ნაწლავის ფლორის მდგომარეობა შეიძლება ასოცირებული იყოს სხვადასხვა ფსიქიკურ დარღვევებთან. ქუთათელაძემ უპასუხა ამ კითხვას, რომელიც ჩვენი კორესპონდენტის მიერ დასმულ იქნა, რომ ”გამორიცხული არ არის ფაგოთერაპიის გამოყენების შესაძლებლობა ასეთ შემთხვევებში, მაგრამ უფრო მეტი კვლევაა საჭირო ფაგების ეფექტის დასადასტურებლად”.

მეცნიერის აზრით, ის სფეროები, რომელზეც ელიავას ინსტიტუტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, არის ფაგოთერაპიის გამოყენება: ”ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის, კერძოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების, გინეკოლოგიური დაავადებების, ფილტვების ქრონიკულ დაავადებებში ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ”. ინსტიტუტი ახორციელებს ერთობლივ პროგრამას ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში ბაქტერიოფაგების ფუნქციის შესასწავლად ასთმით დაავადებულ ბავშვებში მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუტი მუშაობს სხვა კვლევითი პროგრამებზე და პროექტებზე. გარდა ამისა, ინსტიტუტი ატარებს სხვადასხვა კვლევებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ბაქტერიოფაგების გამოყენების მიმართულებით.

ბოლოს დროს, როდესაც საუბარი მიდის ბაქტერიოფაგების შესწავლაზე, ზოგიერთი ხაზს  უსვამს ბაქტერიოფაგების ხელოვნური მოდიფიკაციის შესწავლას. ამასთან, მ.ქუთათელაძის აზრით, ”ზოგადად, ბაქტერიოფაგების გენეტიკური ინჟინერია საინტერესო მიდგომაა, მაგრამ მას აქვს გარკვეული შეზღუდვები”. მისივე თქმით, ინსტიტუტი ძირითადად მუშაობს ბუნებრივ ბაქტერიოფაგებზე.

გლობალურად, კორონავირუსის გავრცელება დიდ პრობლემად იქცა. შესაძლებელია თუ არა ფაგოთერაპიის გამოყენება კორონავირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში? “ბაქტერიოფაგები გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს”, – ამბობს მეცნიერი. ბაქტერიოფაგები მხოლოდ ბაქტერიების და არა ვირუსების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამასთან, მისი აზრით, „ფაგების გამოყენება შესაძლებელია მეორადი ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ ვირუსული ინფექციების დროს“.