25 მაი 2020

26 მაისი 2020

 

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი ქვეყნის უახელსი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.

1917 წელს რუსეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას იმპერიის დაშლა მოჰყვა, რამაც დაპყრობილ ერებს დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობა შეუქმნა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული სისტემა.

თუმცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა და ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.