ისტორია

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს, ექიმის, ბაქტერიოლოგის და ბაქტერიოფაგების მკვლევარის, პროფესორ გიორგი ელიავას მიერ. ინსტიტუტის შემდგომი განვითარების სტრატეგიული ხაზის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა გამოჩენილმა კანადელმა მეცნიერმა, ბაქტერიოფაგიის ფენომენის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ფელიქს დერელმა. ამ მეცნიერებმა შეიმუშავეს საქართველოში ფაგის კვლევისა და ფაგური თერაპიის მსოფლიო ცენტრის შექმნის ერთობლივი იდეა. 1937 წელს, სამწუხაროდ, პოლიტიკური ტერორის პირობებში, გიორგი ელიავა დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს მის ბევრ თანამედროვესთან ერთად, ხოლო მას შემდეგ ფელიქს დერელი აღარასოდეს დაბრუნებულა საქართველოში.

მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ელიავას ინსტიტუტი წარმოდგენილი იყო რამდენიმე საპატიო ტიტულით, რომელთაგან ყველაზე ცნობილია სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება (“სსგ”) “ბაქტერიოფაგი”. მასში შედიოდა ორი ძირითადი ნაწილი, კვლევითი ინსტიტუტი და სამრეწველო საწარმოო ნაწილი, რომელიც შედგებოდა ათი საწარმოო ერთეულისგან. მთლიანობაში, დაახლოებით 800-1000 ადამიანი მუშაობდა სსგ “ბაქტერიოფაგი”-ში, რომელთაგან დაახლოებით 100-120 მეცნიერი იყო ჩართული სამეცნიერო  კვლევებში.

საბჭოთა პერიოდში, ელიავას ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის დაავადებების წინააღმდეგ ახალი ბიოლოგიური პრეპარატების (ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები, ფაგური პრეპარატები) შემუშავებასა და წარმოებაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა საწარმოო ნაწილის პრივატიზება. ძირეული ცვლილებების მიუხედავად, ელიავას ინსტიტუტი კვლავ წამყვანი ორგანიზაციაა მთელს მსოფლიოში ბაქტერიოფაგების კვლევასა და პრაქტიკულ გამოყენებაში.

ჩვენი მისია

  • სამეცნიერო კვლევა და განათლება
  • ადამიანის ჯანმრთელობა (ფაგოთერაპია და პროფილაქტიკა)
  • ცხოველთა და მცენარეთა დაცვა
  • გარემოს დაცვა
  • სურსათის უვნებლობა
  • ბიოუსაფრთხოება
  • ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება

სამეცნიერო ლაბორატორიები

  • ზოგადი მიკრობიოლოგიის ლაბორატორია
  • გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ლაბორატორია
  • მიკრობული ეკოლოგიის ლაბორატორია
  • მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
  • ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია
  • ფაგების და შტამების კოლექცია
  • კვლევისა და განვითარების განყოფილება
  • ბიოლოგიური კონტროლის ჯგუფი

ბიბლიოთეკა

ელიავას სახელობის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სამეცნიერო წიგნების, ჟურნალების და პერიოდული გამოცემების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სრულ კოლექციას საქართველოში. ბიბლიოთეკაში დაცულია  მრავალი იშვიათი გამოცემის წიგნი და პუბლიკაცია, რომელიც ინტერნეტში არ არის ხელმისაწვდომი. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სამეცნიერო ლიტერატურა შვიდ ენაზე, ესენია: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, უნგრული და პოლონური. კოლექციაში შედის დაახლოებით 10,000 წიგნი და 8000 სამეცნიერო ჟურნალი.

 

მუზეუმი

ელიავას მუზეუმი მდებარეობს გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტის მთავარ შენობაში. მუზეუმში წარმოდგენილია ინსტიტუტის ისტორიის და მოღვაწეობის  შესახებ მრავალფეროვანი ფოტომასალა, ასევე საინტერესო  არტეფაქტები –  სამეცნიერო ტექნიკა და ავეჯი, რომლებიც გამოიყენებოდა ინსტიტუტის  დაარსების ადრეულ პერიოდში.