რა დაავადებებს კურნავენ ფაგური პრეპარატები
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შემუშავებული და კომპანია “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების” მიერ წარმოებული ფაგური პრეპარატები მაღალეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებებია. კომპანია აწარმოებს 6 სერიულ პრეპარატს: “პიო ბაქტერიოფაგს”, “ინტესტი ბაქტერიოფაგს”, “სტაფილოკოკურ ბაქტერიოფაგს”, “სეს ბაქტერიოფაგს”, “ენკო ბაქტერიოფაგსა” და “ფერსისი ბაქტერიოფაგს”, რომელთაც ქართველი და უცხოელი ექიმები სხვადასხვა ბაქტერიული დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. პრეპარატების გამოყენება ხდება ადგილობრივად, ინფექციის წყაროს მიხედვით (კანის ზედაპირი, ჭრილობა თუ სხვა), ასევე დალევით (მაგ. საჭმლის მონელებელი სისტემის ინფექციების დროს).
ინსტიტუტისა და “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების” მიერ მუდმივად მიმდინარე კვლევისა და განვითარების პროცესების დამსახურებაა ის, რომ ფაგების აღნიშნული პრეპარატები საკმაოდ მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ფაგური პრეპარატი სრულიად უვნებელია და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. დღეს ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც “ბაქტერიოფაგის” ავტორიზებულ აფთიაქში, ისე “ფარმადეპოსა” და “ჯიპისის” სააფთიაქო ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეული პრეპარატი ატარებს სპეციალურ სამარკო ნიშანს, რომელიც ადასტურებს, რომ ის შემუშავებულია გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა სტანდარტული ფართო სპექტრის ფაგური პრეპარატებისა, ელიავას სახელობის ინსტიტუტის ბაზაზე მზადდება პერსონალიზებული ფაგური პრეპარატები, რომლებიც კონკრეტული პაციენტის ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის წინააღმდეგ გამოიყენება. ინსტიტუტში შექმნილ სერიულ და ინდივიდუალურად მომზადებულ პრეპარატებზე “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების” დირექტორი ვახტანგ ფავლენიშვილი გვესაუბრება.
– მოგვიყევით ფაგების, მათი მოქმედებისა და
ეფექტურობის შესახებ
– ბაქტერიოფაგები, როგორც ფარმაცევტული საშუალება, თითქმის 100-წლიან ისტორიას ითვლის. ეს ისტორია ევროპაში დაიწყო, როდესაც პარიზის ჰოსპიტალში, ფაგების ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ფელიქს დერელმა პირველმა გამოიყენა ფაგები დიზენტერიით დაავადებული 12 წლის მოზარდის გადასარჩენად. ფაგის უვნებლობის დასადასტურებლად ამ დიდმა მეცნიერმა ასისტენტებთან ერთად ჯერ თავად მიიღო საკუთარი შექმნილი ფაგური პრეპარატის პროტოტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა პაციენტში. მას შემდეგ ბაქტერიოფაგების გამოყენებამ დიდი და საინტერესო გზა განვლო. ფაგები მალევე, როგორც ახალი აღმოჩენა, ფართო საზოგადოებაში პოპულარული გახდა და მკურნალობისთვის მისი გამოყენებაც აქტიურად დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ თავად ფაგოთერაპია 21-ე საუკუნეში, ფაქტობრივად, ახლიდან აღმოაჩინეს და მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულად გაძლიერდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფაგოთერაპიის პოპულარობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ანტიბიოტიკების აღმოჩენა გახდა. იმ დროისთვის ანტიბიოტიკი იყო უფრო მარტივი და ეფექტური საშუალება და კურნავდა პრაქტიკულად ყველა ბაქტერიულ დაავადებას. მეორე მხრივ, იმ ეპოქაში არსებული ტექნოლოგიების დონე ბაქტერიოფაგების სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ, ფაგოთერაპიამ თავისი პოპულარობის პიკს ვერ მიაღწია. დღევანდელ დღეს რეალობა შეიცვალა და პრაქტიკულად ახლიდან ხდება ფაგების ფენომენის აღმოჩენა. ექიმები დარწმუნდნენ, რომ მარტო ერთი საშუალებით, ანტიბიოტიკით, ყველაფერს ვერ უმკურნალებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქრონიკული დაავადებების რიცხვი მატულობს, ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებამ კი რეზისტენტობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბაქტერიოფაგები რეალური ხსნად გვევლინება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ.
რაც შეეხება თავად ფაგების ფენომენს, მისი ისტორია იმდენივე წლის არის, რამდენისაც ჩვენი სამყარო. ბუნება მიკრობული ეკოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად სწორედ ბაქტერიოფაგებს იყენებს. ფაგი, სიცოცხლის ეს უმცირესი ფორმა, ბაქტერიის ბუნებრივი მტერია. ელიავას ინსტიტუტის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ თითქმის საუკუნოვან გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ინსტიტუტში იქმნება ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური “კოქტეილები” ბუნებრივი ბაქტერიოფაგებისგან, რომელთაც მაქსიმალური კლინიკური ეფექტურობა აქვთ.
ელიავას სახელობის ინსტიტუტს, ფაგების გამოყენების თითქმის 100-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი კომპანია, “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები” სწორედ იმ კონსორციუმის საწარმოო ნაწილია, რომელიც არსებული სახით მოღვაწეობას 2008 წლიდან იწყებს. ამ პერიოდიდან, ჩვენი პრეპარატები უკვე განახლებული სახით იყიდებოდა “ბაქტერიოფაგის ავტორიზებულ აფთიაქში”, რომელიც ასევე ელიავას სახ. ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, უფრო აქტიურები გავმხდარიყავით საქართველოში და ჩვენი ექვსივე პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, “ფარმადეპოსა” და “ჯიპისის” სააფთიაქო ქსელებში. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად აფთიაქებში, ისე ონლაინ, აღნიშნული აფთიაქების საიტებისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით.
– როგორც აღნიშნეთ, 6 სახეობის სერიულ პრეპარატს აწარმოებთ. რომელი დაავადებების სამკურნალოდ არიან ისინი ეფექტური?
– ჩვენი პრეპარატები საკმაოდ ფართო პროფილისაა. ექვსი სერიული პრეპარატიდან ხუთი ნარევი, ე.წ. “კოქტეილის” ტიპის მედიკამენტია, რომელიც შეიცავს ბაქტერიოფაგების ნაზავს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ. მაგალითად, “პიო ბაქტერიოფაგი”, რომელიც გარეგანი მოხმარების პრეპარატია, გამოიყენება როგორც ცხვირ-ხახაში, ასევე ჭრილობებზე, ყელის ტკივილის დროს და სეზონურ ბაქტერიულ ანთებით პროცესებთან საბრძოლველად. მაგალითისთვის, “ინტესტი ბაქტერიოფაგი” და “ენკო ბაქტერიოფაგი”, ძირითადად, ინტესტინალური პრობლემების წინააღმდეგ გამოიყენება, კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემაში. ამ შემთხვევაშიც დაავადებების პროფილი საკმაოდ დიდია, დაწყებული ბანალური ბაქტერიული მოწამვლებითა და საკვები ინტოქსიკაციებით, დასრულებული რთული და ხშირად ქრონიკული უროლოგიური და გენიტალური ინფექციებით. ბაქტერიოფაგები ასევე გამოიყენება თვალის ინფექციების დროსაც. მაგალითისათვის, თვალის და სხვა ორგანოების სტაფილოკოკური ინფექციების საწინააღმდეგოდ ჩვენი, მაღალტექნოლოგიურად გაწმენდილი სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი გამოიყენება და მას ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს.
განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პრეპარატები თანაბრად ეფექტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებსა და მოხუცებში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
– ფაგებს სარგებლობის განსაკუთრებული წესები ხომ არ აქვს?
– მიუხედავად იმისა, რომ ფაგები გაიცემა ურეცეპტოდ და სრულიად უვნებელია, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მათი გამოყენება შეთანხმებული იყო მკურნალ ექიმთან. სწორედ მან უნდა განსაზღვროს ოპტიმალური კურსი, როგორ, რა დოზითა და რა სიხშირით მიიღოს პაციენტმა პრეპარატი, ფაგომგრძნობელობის ანალიზზე დაყრდნობით. ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომ ანტიბაქტერიულმა პრეპარატმა საუკეთესო ეფექტი მოგვცეს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფაგების გამოყენების საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობს საქართველოში და შესაბამისად, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ეს პრეპარატები და ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს. მაგალითად, ბევრ ჩვენგანს მოგზაურობისას ან ზღვაზე დასასვენებლად წასვლისას თან მიგვაქვს “ინტესტი ბაქტერიოფაგი”, რათა თავი დავიცვათ პოტენციური საკვები გამაღიზიანებლებისა და ბაქტერიული მოწამვლებისგან. ანოტაციაში მითითებულია როგორც რეკომენდებული მიღების დოზები, ისე ხანგრძლივობა.
– როგორი ფორმითა და შეფუთვითაა პრეპარატები ხელმისაწვდომი?
– “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების” მიერ წარმოებული პროდუქტები ხელმისაწვდომია სითხის სახით. ეს არის 10 მილილიტრიან ფლაკონში მოთავსებული ხსნარი, რომელიც გამოიყენება როგორც დასალევად, ისე წასასმელად, ჩასაწვეთებლად თვალში, ყურში, სხვადასხვა სახის გამორეცხვისთვის და ა.შ.
ჩვენს ექვსივე პრეპარატს აქვს მსგავსი დიზაინი განსხვავებულ ფერებში. რა თქმა უნდა, განსხვავებულია მათი დასახელებები, მაგრამ ყველა პრეპარატზე შეხვდებით ჩვენს ლოგოტიპს და წარწერას, რომ პრეპარატი შემუშავებულია გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტში. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია, რადგან ვართ ელიავას ინსტიტუტის ექსკლუზიური პარტნიორი, ვიზიარებთ მათ უზარმაზარ და შეუფასებელ ცოდნასა და გამოცდილებას.
თითოეული პრეპარატის ინსტრუქციაში დეტალურადაა მოცემული, რომელი გამომწვევი ბაქტერიების მიმართ არის პრეპარატი ეფექტური და მითითებულია გამოყენების რეკომენდაციები.
– როგორია პრეპარატის შენახვის წესები?
– ჩვენი პრეპარატების ვარგისიანობის ვადა 18 თვიდან ორ წლამდე მერყეობს. ფაგების შენახვა რეკომენდირებულია საყოფაცხოვრებო მაცივარში, 2-8°C-ზე. ეს არის ფაგებისთვის იდეალური გარემო. პრეპარატებს, გადატანის დროს არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები. მათი ტრანსპორტირება ოთახის ტემპერატურაზეა შესაძლებელი.
– ფაგური პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია თუ არა ვეტერინარიაში, სოფლის მეურნეობაში ან სხვა რომელიმე სფეროში?
-აღნიშნული ექვსი პრეპარატი განკუთვნილია ადამიანებისთვის ინფექციური დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. თუმცა, ჩვენი, ელიავას კონსორციუმის სამუშაო არეალი საკმაოდ ფართოა და მომხმარებელს სთავაზობს ფაგების სამკურნალო საშუალებებს უამრავი პრობლემის წინააღმდეგ როგორც ვეტერინარიაში, ისე მეთევზეობაში, მემცენარეობასა და ზოგადად, სოფლის მეურნეობაში. სულ მალე ჩვენი კომპანიის სახელით საქართველოს ვეტერინარულ აფთიაქებში ფართო გაყიდვაში გამოვა ვეტერინარული ბაქტერიოფაგური პრეპარატი. კვლევების ფაზა დასრულებულია და მაღალეფექტური პრეპარატი უკვე შემუშავებულია. პრეპარატი ადაპტირებულია როგორც ინდუსტრიულ ფერმებში, ისე მცირე შიდა მეურნეობებში ცხოველების ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის.
წყარო: https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/19899-ra-daavadebebs-kurnaven-faguri-preparatebi-romeltha-shedzenac-ukve-mtheli-saqarthvelos-masshtabithaa-shesadzlebeli.html?fbclid=IwAR20KjB6RiX_L-bBXSNPNf6FPhd54c5bH9yGE2ryXNV3smXnhY_6vHk9B-o