მე-4 საერთაშორისო ზაფხულის სკოლა ელიავას სახელობის ინსტიტუტში
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით 14-20 მაისს ჩატარდა რიგით მეოთხე საზაფხულო სკოლა, რომლის მთავარი თემა იყო: “ფაგების პრაქტიკული მომზადება თერაპიული გამოყენებისთვის”. წლევანდელ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, დოქტორანტები, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, მათ შორის: აშშ-დან, მექსიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, დანიიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, ლიეტუვიდან და გერმანიიდან.
სასწავლო პროგრამა ორ ძირითად მოდულად იყო დაყოფილი. პირველი მოდული მოიცავდა თეორიულ ლექციებსა და სპეციალიზებულ ვორქშოფს, რომელიც ცილების ფუნქციების პროგნოზირებასა და ფაგების გენომის ანოტაციას დაეთმო. მონაწილეები მუშაობდნენ Pharokka-, Phold- და Galaxy-პლატფორმებზე. ვორქშოფს ხელმძღვანელობდნენ დოქტორი მარი-აგნეს პეტი და დოქტორი კვენტინ ნუგიე (INRAE, საფრანგეთი).
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საერთაშორისო მოწვეული ექსპერტების ლექციები. დოქტორმა რობ ლავინმა (ბელგია), დოქტორმა ჯოანა აზარედომ (პორტუგალია), დოქტორმა მარტინ ლოსნერმა (შვეიცარია), დოქტორმა ივ ბრისმა (ბელგია) და დოქტორმა ჯინა სუმ (აშშ) ფაგოთერაპიის, კლინიკური მიკრობიოლოგიის, ფაგების ბიოლოგიისა და მათი კლინიკური გამოყენების სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები და აქტუალური გამოწვევები განიხილეს. მონაწილეები ასევე გაეცნენ ელიავას კონსორციუმში შემავალი დაწესებულებების, მათ შორის ფაგოთერაპიის ცენტრის მიმდინარე აქტივობებს და კლინიკურ გამოცდილებას.
პროგრამის მეორე მოდული მთლიანად დაეთმო პრაქტიკულ ლაბორატორიულ მეცადინეობებს, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს ფაგების გამოყოფა, ფაგომგრძნობელობა, ადაპტაცია, ფაგი-ანტიბიოტიკის სინერგიის (PAS) პრინციპები. პრაქტიკულ კურსს ხელმძღვანელობდნენ გ. ელიავას სახელობის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. სამეცნიერო აქტივობების პარალელურად, საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები კახეთს ეწვივნენ, სადაც კულტურული ტური მოეწყო. კურსი ოფიციალური სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიით დასრულდა. ელიავას საზაფხულო სკოლამ ტრადიციულად ხელი შეუწყო ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებას, ინსტიტუტში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.