30.06.2024

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ფაგის ფუნდამენტური კვლევის შესახებ

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით  20-28 ივნისს  ჩატარდა რიგით მესამე საზაფხულო სკოლა,  რომლის თემა იყო ფაგის გენომის და ბაქტერიოფაგების კვლევის ფუნდამენტური მეთოდების შესწავლა. საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს 16 ქვეყნის (უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, ესტონეთი, ირანი, იაპონია, ინდოეთი, ბანგლადეში, მექსიკა, კანადა) სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და  სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან.

სკოლის პროგრამა დაყოფილი იყო 2 მოდულად.  პირველი მოდული მოიცავდა ფაგებისა და ბაქტერიების გენომის თანმიმდევრობის ანოტაციის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი რებეკა ვატამი, ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიოკომპლექსურობის ინსტიტუტის კვლევითი ასოცირებული პროფესორი.

მეორე მოდული აერთიანებდა ლექციებისა და პრაქტიკული სესიების სერიას ბაქტერიოფაგების გამოყოფის, დახასიათებისა და დეტალური ანალიზის შესახებ. ლექციების სერია წაიკითხეს ცნობილმა მეცნიერებმა, როგორიცაა, დოქტორი ნინა მოლინ ჰოილანდი კროგსბო, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დავით ფრანგიშვილი, პასტერის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მზია ქუთათელაძე- ელიავას ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი მარიამ დადიანი-  ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი. ფაგების კვლევის პრაქტიკულ სესიებს ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი.

გარდა სამეცნიერო აქტივობებისა, მონაწილეებისთვის ჩატარდა კულტურულ- შემეცნებითი ტური კახეთში.