13.05.2026

ESCMID-ის პოსტდიპლომური სასწავლო პროგრამა

2026 წლის 10-13 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით და  კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა ევროპის ასოციაციის (ESCMID) მხარდაჭერით ჩატარდა პოსტდიპლომური განათლების საერთაშორისო კურსი „ფაგოთერაპია და ფაგური ცილები: ორმაგი სტრატეგიები ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ და დიაგნოსტიკური ინოვაციისთვის“. აღნიშნული კურსი საქართველოში მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების სფეროში პირველი პოსტდიპლომური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელსაც უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) აკრედიტაცია (17.5 კრედიტ ქულა) მიენიჭა.

კურსის პირველი დღე ოფიციალურად გაიხსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე,  გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე და თსსუ-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დიდბარიძე.

ქალბატონმა მზია ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.  ხაზი გაუსვა ფაგოთერაპიის მნიშვნელობას მზარდი  ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პრობლემის გადაჭრაში.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის გამოცდილების შესახებ, ასევე გაეცნენ კლინიკურ პრაქტიკაში უცხოელი ექიმების მიერ  ფაგების გამოყენების  გამოცდილებას.

კურსის მომდევნო დღეები დაეთმო თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელსაც გ. ელიავას ინსტიტუტმა უმასპინძლა.  სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები (აშშ, ბელგია. კანადა, ისრაელი, პორტუგალია, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი). თეორიული მეცადინეობა დაეთმო ფაგოთერაპიაში საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვას, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ანტიბიოტიკო- და ფაგომგრძნობელობის განსაზღვრის მეთოდებს,  ასევე მიღებული შედეგების ინტერპრეტაციისა და ანალიზის პრინციპებს.

სწავლების კურსში  მონაწილეობდა მსოფლიოს 26 ქვეყნის 47 წარმომადგენელი, რომელთა შორის იყვნენ როგორც  ინფექციური დაავადებების სპეციალისტები, ასევე კლინიკური მიკრობიოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფარმაცევტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები.