15.06.2026

“ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის” (GIMPHA) რიგით მეთერთმეტე საერთაშორისო ჯანდაცვის კონფერენცია

2026 წლის 31 მაისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა “ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის” (GIMPHA) რიგით XI საერთაშორისო სამეცნიერო-სამედიცინო კონფერენცია, რომელმაც გააერთიანა ქართველი და უცხოელი ექიმები, მკვლევარები, აკადემიური წრის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური საკითხები, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივები.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სპეციალური სესია მიეძღვნა ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდი გლობალური გამოწვევის ფონზე ფაგოთერაპიის როლსა და მისი განვითარების შესაძლებლობებს. ამ თემაზე მოხსენება წარადგინა გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ, ფაგოთერაპიის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დეა ნიჟარაძემ, ამავე ცენტრის ექიმმა ლია ნადარეიშვილმა. ელიავას ინსტიტუტის და ფაგოთერაპიის ცენტრის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს საქართველოში ელიავას ინსტიტუტში დაგროვილი მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება, ფაგოთერაპიის თანამედროვე მიღწევები და მისი პოტენციალი ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციების მართვაში. გამოსვლებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ელიავას ინსტიტუტის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი ფაგოთერაპიის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო-სამედიცინო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

კონფერენციამ ხელი შეუწყო ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, ახალი სამეცნიერო მონაცემების განხილვას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.